მშობელთან ურთიერთობის თავისებურებები და მოზარდის პრობლემური ქცევა
Main Article Content
ანოტაცია
მოზარდობის პერიოდში მშობელსა და შვილს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობის პატერნი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პრობლემური ქცევის განვითარების ან პრევენციის პროცესში. მოცემული კვლევა მიზნად ისახავს პოზიტიური მშობლობის ორი ასპექტის – უპირობო მიმღებლობისა და პოზიტიური დისციპლინის – კავშირების შესწავლას მოზარდების პრობლემურ ქცევებთან. კვლევისთვის გამოვიყენეთ თვისებრივი მეთოდი – სიღრმისეული ინტერვიუ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სულ 20-მა რესპონდენტმა: ათმა მოზარდმა (12–17 წლის ასაკში) და მათმა მშობლებმა. ინტერვიუ მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა მშობელსა და შვილს შორის დამკვიდრებული ურთიერთობის პატერნები, მშობლობის სტილი, აგრეთვე, მოზარდების ქცევითი სირთულეებისა და მათი გამომწვევი ფაქტორების აღქმა. მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ მშობლების მხრიდან უპირობო მიმღებლობასა და პოზიტიური დისციპლინის გამოყენებას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მოზარდთა ქცევით სირთულეებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მიგნება, რომელიც მიუთითებს მამის მხრიდან პოზიტიური დისციპლინის, ხოლო დედის მხრიდან უპირობო მიმღებლობის როლზე მოზარდების ქცევით სირთულეებთან მიმართებით. ანალიზის შედეგები ხაზს უსვამს იმ ფსიქოსოციალურ რესურსებს, რომლებიც ხელს უწყობს მოზარდთა კეთილდღეობას და იცავს მათ სარისკო ქცევისაგან. კვლევის საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები ფსიქოკონსულტირების სფეროს წარმომადგენლებისთვის როგორც მშობლებთან მუშაობის, ასევე საგანმანათლებლო და პრევენციულ პროგრამებთან მიმართებით, რომლებიც მიმართულია ახალგაზრდებში პრობლემური ქცევის შემცირებისკენ.