ტრავმის ნარატივი: მეხსიერება, სივრცე და თაობათა იდენტობა მუსლიმ მესხებში
Main Article Content
ანოტაცია
მუსლიმი მესხების (Ahıska Turks) ისტორიული გამოცდილება ნათლად აჩვენებს, თუ როგორ გარდაიქმნება ისტორიული ტრავმა სოციალური იდენტობის ცოცხალ და დინამიკურ სისტემად. ეს კვლევა მიზნად ისახავს ტრავმული მეხსიერების თაობათაშორისი გადაცემისა და ტრანსტერიტორიული ტრავმული იდენტობის (TTI) ფორმირების ანალიზს, რომლის ფარგლებშიც ჯგუფი ადაპტირდება მრავალლოკალურ და ტრანსნაციონალურ კონტექსტებში. ემპირიული მონაცემები მოიცავს 2004-2025 წლებში ჩატარებულ ნარატიულ ინტერვიუებს საქართველოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ მუსლიმ მესხებთან. კვლევა ეფუძნება ტრავმული მეხსიერების თეორიას, ჰიბრიდულობისა და ტრანსნაციონალიზმის მიდგომებს. შედეგები აჩვენებს, რომ ტრავმული გამოცდილება – რომელიც მოიცავს სტალინისდროინდელ დეპორტაციასა და ფერგანის კონფლიქტს – გადაიქცა არა მხოლოდ ინდივიდუალურ მეხსიერებად, არამედ თაობათაშორის გადაცემად სოციალურ და ემოციურ სისტემად. ოჯახური ნარატივები, რიტუალები და სიმბოლური პრაქტიკები მეხსიერების გადაცემის ძირითად მექანიზმებს წარმოადგენენ. თაობებს შორის გამოვლინდა განსხვავებული სტრატეგიები: უფროსი თაობა ინარჩუნებს ტრადიციულ იდენტობას და ტრავმული მეხსიერების სიმბოლოებს, მაშინ როდესაც ახალგაზრდები ქმნიან ჰიბრიდულ იდენტობებს, რომლებიც აერთიანებს ისტორიული წარმოშობის ემოციურ კავშირსა და ახალ სოციალურ გარემოებებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სიმბოლური სამშობლოსა და ემოციური სივრცეების კონსტრუქციას. ახალციხე და მისი მიმდებარე ტერიტორიები იქცა ემოციურ ღერძად იმ პირობებში, როდესაც რეალური დაბრუნება შეუძლებელია. ტრანსნაციონალური სოციალური ქსელები და ქორწინების ტრანსტერიტორიული ჯაჭვები ქმნის სოციალურ და ემოციურ კაპიტალს, რომელიც ჯგუფს გლობალურ მობილობასა და ახალ კულტურულ რეალობებში ადაპტაციაში ეხმარება. ამ კვლევის საფუძველზე შეიქმნა ტრანსტერიტორიული ტრავმული იდენტობის (TTI) თეორიული მოდელი, რომელიც აერთიანებს ტრავმული მეხსიერების, ჰიბრიდული ადაპტაციისა და ტრანსნაციონალური კავშირების სინთეზს. ეს მოდელი მნიშვნელოვანი ანალიტიკური ინსტრუმენტია არა მხოლოდ მუსლიმი მესხების, არამედ სხვა იძულებით გადაადგილებული თემების შესასწავლადაც.