კრიმინოლოგიური ფსიქოლოგიის საკითხები
Main Article Content
ანოტაცია
ტექსტში განხილულია დანაშაულის გამომწვევი და შემაკავებელი ფაქტორების კვლევასთან დაკავშირებული სოციოლოგიური, კრიმინოლოგიური და ფსიქოლოგიური მიდგომების ნაწილი. ნაცადია დანაშაულობის შესწავლაზე ორიენტირებულ ტრადიციულ თეორიებში ფსიქოლოგიის მეცნიერების კომპეტენციაში შემავალი სფეროების იდენტიფიკაცია და კვლევის პერსპექტიული მიმართულებების მონიშვნა.
მოცემულია კრიმინოლოგიური ფსიქოლოგიის, როგორც იურიდიული ფსიქოლოგიის ერთ-ერთი განშტოების, სისტემაში შემავალი ზოგიერთი ქვემიმართულების დახასიათება და ანალიზი. შემოთავაზებულია სოციალური კონტროლისა და დაძაბულობის თეორიების სხვადასხვა, მათ შორის დ. უზნაძის ფსიქოლოგიის საქართველოს სკოლის, პოზიციებიდან ხედვის ვარიანტები, სახელდობრ: (ა) სოციალური სანქციის ეფექტურობის დაკავშირება ფსიქოლოგიაში არსებულ მოტივაციის კონცეფციებთან, მათ შორის, „მოსალოდნელი ღირებულების“ და „ქცევის პოტენციალის“ მოდელებთან; (ბ) სოციოლოგიურ და კრიმინოლოგიურ თეორიებში დანაშაულის გამომწვევ წამყვან ფაქტორად მიჩნეული დაძაბულობის ფენომენის ახსნა ფსიქოლოგიის, სახელდობრ განწყობის თეორიის, პოზიციიდან და მისი დაკავშირება განწყობისეულ მზაობასთან, როგორც დაძაბულობის მატარებელ მდგომარეობასთან; (გ) სოციალური ინტეგრაციისა და სოციალური რეგუ- ლაციის განსხვავებები და თითოეულის უპირატესობები აქტივობის მართვის ეფექტურობის თვალსაზრისით. სოციალური კონტროლის აღნიშნული ორი სახეობის სპეციფიკის განსაზღვრულობა მათ საფუძვლად მდებარე ფსიქიკური წარმონაქმნების სახეობით („სიტუაციური“ და „ფიქსირებული დისპოზიციური განწყობა“), მათი დიფერენციალურ- ფსიქოლოგიური მახასიათებლებით (სტაბილობა, სიმტკიცე, აღგზნებადობა, რეაქტუალიზაციის უნარი) და ურთიერთქმედების დინამიკით.
ნავარაუდევია, რომ კრიმინოლოგიური ფსიქოლოგიის და, ზოგადად, იურიდიული ფსიქოლოგიის საკითხების დამუშავება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ფსიქოლოგიის სხვადასხვა ქვედარგის განვითარების სტიმულირებას და, მეორე მხრივ, სოციალური სტაბილობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მულტიდისციპლინური ძალისხმევის პროდუქტიულობას.