სტიგმა-გაზლაითინგის სემანტიკა: ენა, მანიპულაცია და კულტურული სტერეოტიპები საქართველოში
Main Article Content
ანოტაცია
წინამდებარე სტატია განიხილავს საქართველოში გავრცელებული კულტურული სტერეოტიპებით გამოწვეული გაზლაითინგის ლინგვისტური სემანტიკის საკითხს. ემპი- რიული მასალა მოიცავს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ, ფსიქოლოგიისა და განათლების, ასევე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტების გამოკითხვის შედეგებს. კვლევის თეორიულ საფუძველს ქმნის ლინგვისტური სემანტიკა, კერძოდ, მნიშვნელობის თეორია (Leech, 1981). კვლევის აქტუალურობა სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში გაუცნობიერებელი გაზლაითინგის ფართო გავრცელებით არის განპირობებული. მიუხედავად ზრდადი ინტერესისა მენტალური ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მანიპულაციის ტაქტიკების მიმართ, ხშირად შეუმჩნეველი, გაუცნობიერებელი გაზლაითინგი გაცნობიერებულ, წინასწარგანზრახულ მანიპულაციაზე არანაკლებ საზიანოა.
ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ რესპონდენტთა უმეტესობას საკუთარ თავზე განუცდია გაზლაითინგის უარყოფითი გავლენა, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქეთა უფროსი თაობების წარმომადგენელთა მხრიდან მიღებული კრიტიკის ან მათ მიერ შერცხვენის დროს. გაზლაითინგის აღნიშნული შემთხვევები, უმეტესად, გენდერსა და კულტურულ საკითხებს (პოლიტიკა, რელიგია) უკავშირდება და სტიგმატიზაციის პროცესს უწყობს ხელს. ემპირიული მასალის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული ტიპის დისკურსში გარკვეული სემანტიკური ცვლილების ტენდენცია შეინიშნება: მოსაუბრის (მანიპულატორის) მიერ გამოყენებული ლექსიკური ერთეულების სოციალური მნიშვნელობა აფექტურ კონოტაციებს იძენს, რაც მსმენელის (მსხვერპლის) თავდაჯერებულობაზე უარყოფითად აისახება და საკუთარი აღქმის სისწორეში ეჭვის შეტანისკენ უბიძგებს.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქართველი ახალგაზრდები იცნობენ ფსიქოლოგიური მანიპულაციის აღნიშნულ ტაქტიკას, შეუძლიათ კომუნიკაციის პროცესში მისი იდენტიფიცირება და ნაკლებად ექცევიან გაზლაითინგის უარყოფითი გავლენის ქვეშ.