განქორწინების მიზეზები, ბარიერები და შედეგები ძალადობის მსხვერპლ ქალებში
Main Article Content
ანოტაცია
გენდერული ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც ხშირად გვხვდება ისეთ საზოგადოებებში, მათ შორის საქართველოში, სადაც ქალებს ნაკლები სოციალური და ეკონომიკური გავლენები აქვთ. მიუხედავად ბოლო ათწლეულებში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიღებული ნაბიჯებისა, ფემიციდის, როგორც გენდერული ძალადობის ყველაზე მძიმე ფორმის, მაჩვენებელი საგანგაშოა. ფემიციდის შემთხვევების ანალიზი აჩვენებს, რომ ქალების მკვლელობები ხშირად მათი ქმრების, პარტნიორების ან ყოფილი პარტნიორების მიერ ხდება, რაც ნიშნავს, რომ ძალადობრივი ურთიერთობის დასრულება (განქორწინება) ქალებისთვის გაზრდილ საფრთხეს წარმოადგენს.
კვლევის მიზანია სოციო-კულტურული და სტუქტურული ფაქტორების ანალიზი, რაც (1) გავლენას ახდენს განქორწინების გადაწყვეტილებაზე ძალადობის მსხვერპლ ქალებში, (2) ქმნის ბარიერს განქორწინების პროცესსში და (3) ზრდის ძალადობის საფრთხეს ურთიერთობების დასრულების შემდეგ. კვლევის ფარგლებში ჩატარდა 12 სიღრმისეული ინტერვიუ ძალადობის მსხვერპლ ქალებთან და 4 ინტერვიუ პოლიტიკის დოკუმენტის შემქმნელებთან.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქალების უმრავლესობა საკუთარი თავის იდენტი- ფიცირებას, როგორც ძალადობის მსხვერპლთან, გვიან აკეთებს, რაც დაკავშირებულია სოციო-კულტურულ ნორმებთან და სტიგმასთან. ქალების დუმილი და მოსალოდნელი საფრთხის შიში ხელს უშლის მათ დახმარების ძიებაში, ხოლო ინსტიტუციური ბარიერები და საზოგადოების დამოკიდებულებები დამატებით ართულებს სიტუაციას. განქორწინების შემდეგ, ქალები ხშირად რჩებიან იზოლირებულნი და მომატებული საფრთხის ქვეშ ყოფილი პარტნიორებისგან.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ გენდერული ძალადობის პრევენცია საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მოიცავს სოციო-კულტურული, სამართლებრივი და ფსიქოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებას.